ფულის მიმართ ბევრი სტერეოტიპი, შიში, ცრურწმენა და ილუზია არსებობს. კვლევებით
დასტურდება, რომ სიმდიდრე ან სიღარიბე მთლიანდ დამოკიდებულია არა იმაზე, თუ
რამდენს ვმუშაობთ, არამერდ იმაზე, რა დამოკიდებულება გვაქვს ფულის მიმართ.
მე დიდი ხანია ვიკვლევ ამ თემას პერსონალური ბრენდინგის კონტექსტში და ჩემთვის
დიდი პატივია, რომ ისეთმა გამორჩეულმა ლიტერატურულმა პროექტმა, როგორიცაა
ფულის თემაზე გამორჩეული წიგნის, მორგან ჰაუზელის „ფულის ფსიქოლოგიის“
კონსულტანტად მიმიწვია.
რითია საინტერესო ეს წიგნი?
პირველ რიგში იმით, რომ ფულთან მიმართებაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის
უმეტესეობა ჯერ კიდევ საბჭოური კატეგორიებით მსჯელობს. შესაბამისად,
ფულისადმი არაერთი ფსიქოლოგიური სტიგმა არსებობს. მორგან ჰაუზელის „ფულის
ფსიქოლოგია“ სრულიად სხვა პარადიგმაშია შექმნილი. და ვფიქრობ, ეს ქართველი
მკითხველისთვის გამორჩეული, და ვიტყოდი, გამოსაფხიზლებელი, ინფორმაცია იქნება.
ამ წიგნში აღმოაჩენთ არაერთ ჭეშმარიტებას, რომელსაც ხშირად თვალს ვერ
ვუსწორებთ. მაგალითად:
ჩვენ ყოველთვის იმაზე ნაკლებს გადაგვიხდიან, ვიდრე გვინდა:
– მთავარი იღბალია, სად და როდის დავიბადეთ;
– სინამდვილეში რას ნიშნავს სიტყვა „საკმარისია“, რადგან არაფერი, რაც
ღირებულია, უფასოდ არ გვეძლევა;
– ფულის დაზოგვას მიზეზი არ სჭირდება;
– რა განსხვავებაა ფულის მიღებასა და ფულის შენარჩუნებას შორის;
– რატომ უნდა დავგეგმოთ ინვესტირება;
– რა არის სიმდიდრის უმაღლესი ფორმა;
– რატომ არის ფული რესურსი და არა მიზანი;
– რატომ არ უდრის ბევრი მუშაობა დიდ შემოსავალს და ა.შ.
წიგნის ქვესათაური ასე ჟღერს: სიმდიდრის, სიხარბისა და ბედნიერების უბერებელი
გაკვეთილები. ბედნიერება აქ შემთხვევით არაა ნახსენები. ყველას გვინდა, რომ
გვქონდეს ბევრი ფული. მაგრამ ბევრი ფული არ ნიშნავს სიმდიდრეს. ისევე, როგორც არ
ნიშნავს ბედნიერებას.
მეტი კონტროლი საკუთარ დროზე და შესაძლებლობებზე მსოფლიოში უკვე ერთ-ერთი
ყველაზე ძვირადღირებული ვალუტაა. ეს არის პერსონალური ბრენდინგის ამოსავალი
წერტილი. ვინაიდან ადამიანი, რომელსაც ძლიერი პირადი ბრენდი აქვს, ყოველთვის
არის შეძლებული, გონივრულად მართავს საკუთარ რესურსებს – ფსიქოლოგიურს,
ფიზიკურს თუ ფინანსურს, და რაც მთავარია, ზუსტად იცის, რა არის მისი „რატომ“.
ფინანსების როლი კი იმაშია, რომ ვაკეთოთ რაც გვსურს, როცა გვსურს, რამდენი ხნითაც
გვსურს, სასურველ ადამიანებთან ერთად. ესაა ბედნიერება, და არა უბრალოდ ბევრი
ფული.