© 2023. Development by WISE

პერსონალური ბრენდინგის გზაზე: Spotlight 2025-ის კვალდაკვალ

შემოქმედებით ინდუსტრიაში ერთერთმა საკვანძო ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პერსონალური ბრენდის შენება არ არის ერთჯერადი აქტივობა, არამედ მუდმივი პროცესი – გზა, რომელიც მრავალმხრივ გააზრებას მოითხოვს. ბევრმა სხვადასხვა გამოცდილების და მსოფლმხედველობისმ მქონე სპიკერმა, საბოლოო ჯამში, საკუთარი პერსონალური ბრენდის შექმნის ისტორიები გაგვიზიარა, და ყველა ამ ისტორიას ერთი რამ საერთო ჰქონდა.

რას ნიშნავს იყო „გზაზე“ პერსონალური ბრენდის მშენებლობისას?

ამ კონტექსტში „გზაზე ყოფნა“ ნიშნავს მუდმივ განვითარებას, ადაპტაციას და სწავლას. ეს არ არის ერთჯერადი სტრატეგიის შექმნა, რაოდენ გრძელვადიანიც არ უნდა იყოს ის, არამედ დინამიური მოგზაურობა, სადაც ყოველდღიურად ვდგამთ ნაბიჯებს მიზნებისკენ. ეს გზა მოიცავს საკუთარი თავის შეცნობას და ხშირად, მიმღებლობას, ღირებულებების განსაზღვრას და იმის გამოკვლევას, თუ რა უნიკალური სარგებლის მოტანა შეგვიძლია სხვებისთვის.

საბოლოო დანიშნულების ცოდნა, ანუ იმის გააზრება, თუ სად გსურს მიხვიდე შენი პერსონალური ბრენდით, არის წარმატებული გზის ქვაკუთხედი. დანიშნულების გარეშე ყველა ნაბიჯი ქაოტური და მიზანმიუწვდომელი იქნება.

ამ გადმოსახედიდან, პერსონალური ბრენდის შენებისას, როგორც პროცესზე, ისე შედეგზე ორიენტირება თანაბრად მნიშვნელოვანია. მხოლოდ შედეგებზე ფოკუსირება შესაძლოა იმედგაცრუებით დასრულდეს, თუკი გზადაგზა არ შევაფასებთ და არ დავტკბებით პროგრესით. მეორე მხრივ, მხოლოდ პროცესზე კონცენტრირება მიზნებისგან გვაშორებს.

ოქროს შუალედის პოვნა ნიშნავს, რომ ყურადღება მიაქციო ყოველდღიურ ნაბიჯებს, ისწავლო შეცდომებზე და დააფასო პროგრესი, თუმცა ამავდროულად, თვალწინ გქონდეთ საბოლოო დანიშნულება და მისკენ იმოძრაო.

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსაითი, რაც Spotlight 2025-ზე გაჟღერდა, ეკუთვნის ალექს ჩიქოვანს Alex Chikovani რომელმაც თქვა, რომ პერსონალური ბრენდინგის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარ თავთან გულწრფელობაა. ეს ნიშნავს, რომ უნდა აღიარო შენი სიძლიერეც და სისუსტეც და ისიც აღიარო, რომ რაღაცეები დაგაგვიანდა. მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად გულახდილი ხარ საკუთარ თავთან, შეძლებ სიცხადით იარო შენი ცხოვრების მთავარ გზაზე.  და ამ აღიარების და მიმღებლობის წერტილიდან ავთენტური და სანდო ამბავი შექმნა.

პერსონალურ ბრენდზე მუშაობის დაწყება ნებისმიერ ასაკში და კარიერის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება, და ის მართლა საკუთარ თავთან აღიარებით იწყება – იმის გააზრებით, თუ ვინ ხართ, რა შეგიძლიათ და სად გსურთ წასვლა. ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.

Alex Chikovani კიდევ ერთი დაკვირვება, რომელსაც სრულიად ვეთანხმები ის არის, რომ პერსონალური ბრენდინგი უპირველეს ყოვლისა, სხვებისთვის სარგებლის მოტანას გულისხმობს. რაოდენ გასაოცარიც და განუმეორებეოლიცარ უნდა იყო, შენი ბრენდი ძლიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც მას შეუძლია შენი აუდიტორიის პრობლემების გადაჭრა, შთაგონება, განათლება და ა.შ. როდესაც მიზანი სხვებისთვის ღირებულების შექმნაა, პერსონალური ბრენდი ბუნებრივად გაიზრდება და გაძლიერდება.

ამაში კი საქმისადმი უპირობო სიყვარული გვეხმარება. ის ძალა, რომელსაც შეუძლია შეუძლებელი შეგვაძლებინოს. ეს სიყვარული გიბიძგებს მუდმივი განვითარებისკენ, ინოვაციებისკენ და სრულყოფილებისკენ. ის ნებისმიერ ადამინ-ბრენდს ნამდვილობასა და გულწრფელობას მატებს. და ეს ყველა გამომსველის ამბავში სხვადასხვა ფორმით გაჟღერდა.

ჩემი აზრით,Spotlight.ge 2025 უმნიშვნელოვანესი გზავნილი იყო ის, რომ „რაც უფრო მეტი ძლიერი პერსონალური ბრენდი იქნება სამშობლოში, მით უკეთესი იქნება თავად სამშობლო“.

ვინაიდან ნებისმიერი ჩვენგანი, როგორც ადამიანი-ბრენდი ხელს უწყობს საქართველოს საერთო გამარჯვებას ჩვენი ქვეყნის მთავარ – ევროპის  – გზაზე!

ნინო წითლანაძე, PhD /Nino Tsitlanadze

პერსონალური ბრენდინგის სააგენტოს დამფუძნებელი & კონსულტანტი

Share this